ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
12 სექტემბერი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა “ზრდას“ დირექტორმა ბრაიან კინგმა.
„ზრდა“ USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ექვსი შერჩეული რეგიონის 81 დასახლებაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად 4 შერჩეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ 6 ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადებას. შემდგომი განხორციელების მიზნით პროექტები მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.
წყალმომარაგების ქსელების, სანიაღვრე არხებისა და დამცავი გაბიონების მოწყობის მიზნით პროექტები ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მომზადდება.
წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის სუფთა წყლის მიწოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს, რაც სამიზნე რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.